დაავადებული ხეების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით, მერიამ მესაკუთრეებთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა

Construction News

დედაქალაქის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ თბილისის ცენტრალურ გამზირებზე კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე გამხმარი და დაავადებული ხეების მოვლა-პატრონობის ღონისძიებებთან დაკავშირებით, მესაკუთრეებთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები გამხმარი და დაავადებული ხეების მოვლის ღონისძიებებს ერთობლივი ძალებით უზრუნველყოფენ.

„გაფორმდა მემორანდუმი იმ კერძო მესაკუთრეებთან, რომელთა საკუთრებაში არსებული ტერიტორიები ცენტრალურ გამზირებზე მდებარეობს და სადაც ხეების დაავადებების გავრცელების ყველაზე დიდი კერები გვაქვს – გამხმარია ყველა ფიჭვი. მათ გამოთქვეს თანხმობა, მონაწილეობა მიიღონ ცენტრალურ გამზირებზე დაავადებული ხე-მცენარეების ჩანაცვლების პროცესში. ის ფიტოსანიტარიული ღონისძიებები, რომლებსაც ჩვენ მიმდინარე წელს ვატარებთ, აუცილებელია იმისთვის, რომ დაავადებების გავრცელების მასშტაბი არ მოედოს მთელ თბილისს და ეკოლოგიური კატასტროფა არ მივიღოთ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მემორანდუმის მიზანია, დაავადებული და გამხმარი ხეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების, მათ ნაცვლად ახალი ნერგების დარგვისა და დაავადების გავრცელების პრევენციის გზით, თბილისში არსებული მწვანე საფარის ფიტოსანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება. შეხვედრას, სადაც ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი, თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი ესწრებოდა.

მსგავსი სტატიები