გურამიშვილზე მიწის ჩამოშლას მშენებლობას უკავშირებენ – ევაკურიებულია 36 ოჯახი

Construction News

თბილისში გურამიშვილის N46-დან, მიწის მასის ჩამოშლის გამო, მოსახლეობა ამ დრომდე ევაკუირებულია. შემთხვევა, შესაძლოა, ახლომდებარე მშენებლობას უკავშირდებოდეს. 10-სართულიანი კორპუსის მშენებლობას კომპანია “ჰაუს სთრონგი“ მარტის თვიდან აწარმოებს.

შემთხვევის ადგილზე მისულმა მერიის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ კორპუსში ყოფნა უსაფრთხო არ არის, ამიტომაც 36 ოჯახს საცხოვრებელი დროებით დაატოვებინეს. ადგილობრივები სხვადასხვა სასტუმროში არიან გადაყვანილები.

კორპუსის მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ ისინი მშენებლობას 3 თვეა აპროტესტებენ და თბილისის მერიაში შეტანილი აქვთ შესაბამისი საჩივარი და ხელმოწერები. მოსახლეობა გეოლოგების დასკვნას ითხოვს, რომლითაც გაირკვევა, არის თუ არა უსაფრთხო ახალი კორპუსის მშენებლობა.

შემთხვევის ადგილზე მივიდა სამშენებლო კომპანია “ჰაუს სთრონგის” წარმომადგენელი, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ სამშენებლო ნებართვა არქიტექტურის სამსახურიდან 27 თებერვალს აქვს მიღებული. მას შემდეგ, რაც კომპანიამ საძირკვლის გათხრა დაიწყო, ადგილობრივების საჩივრის გამო, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მშენებლობა შეაჩერა და კომპანიას გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება მოსთხოვა. მომდევნო 1 თვის განმავლობაში სამშენებლო კომპანია კვლავ მერიიდან ელოდებოდა მითითებებს და გამაგრება არ დაუწყია.

ნაძალადევის რაიონის გამგებლის, ირაკლი ხელაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ექსპერტები მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობას შეამოწმებენ, გადაწყდება, დაუბრუნდებიან თუ არა კორპუსის მცხოვრებლები თავიანთ ბინებს. ამ ეტაპზე მოსახლეობა ელოდება სამხარაულის ექსპერტიზის შედეგებს, რომელიც დაადგენს, თუ რამ განაპირობა მიწის ჩამოშლა.

მსგავსი სტატიები