გუდაურში წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა იწყება

Construction News

გუდაურში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა იწყება. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ და ჩინური კომპანიის „ჩაინა ნუქლიარ 23“-ის (China Nuclear 23) წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ლუ კემ მოაწერეს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს წყალარინების ხუთი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობასა და შემდგომ მის ექსპლუატაციაში გაშვებას. თანამედროვე ტიპის ობიექტები მინიმუმამდე დაიყვანს რეგიონში ეკოლოგურიდაბინძურების საფრთხეს და შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას. მათივე ინფორმაციით, ტურისტულ ზონაში გამწმენდი ნაგებობების ამოქმედება ხელს შეუწყობს ადგილობრივებისა და იქ ჩასული დამსვენებლების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას.

პროექტს აზიის განვითარების ბანკი 22,000,000 ლარით აფინანსებს. სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2021 წლის დასაწყისში არის დაგეგმილი.

გუდაურში წელს დაიწყო წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა, პროექტს აზიის განვითარების ბანკი 26,157,302.08 ლარით აფინანსებს და მისი დასრულება 2020 წლის შემოდგომაზე იგეგმება. სამუშაოების ფარგლებში აშენდება ახალი რეზერვუარი, მოეწყობა ჭაბურღილები, ასევე 34 კმ-მდე საკანალიზაციო და 3 კმ-მდე წყალმომარაგების ქსელი. გარდა ამისა, დამონტაჟდება თანამედროვე ობიექტების მართვის ელექტრონული სისტემა (SCADA), რომელიც უზრუნველყოფს წყალმომარაგების ოპერირების გამართულ მუშაობას. გუდაურში ასევე მიმდინარებს ხელოვნური რეზერვუარის წყლის შემვსები სამუშაოები.

მსგავსი სტატიები