გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქციაზე 8,057,871 ლარი დაიხარჯება

Construction News

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გაეცნო.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, შარშან დაწყებული სამუშაოები მაისისთვის დასრულდება.

„სამუშაოების ფარგლებში, ფაქტობრივად, ახალი ხიდების მშენებლობის პროექტი ხორციელდება, რადგან არსებული ხიდები ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. პროექტი საკმაოდ მასშტაბურია და მისი ღირებულება დაახლოებით, რვა მილიონ ლარს შეადგენს. ტერიტორიის ორივე მხარე ყოველმხრივ მოწესრიგდება და ავტომობილით გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. ამ ეტაპზე, 18 და 31-მეტრიანი კოჭების მონტაჟი მიმდინარეობს, რომელიც ჯამში 42 ერთეულია.

სამუშაოების ფარგლებში, მდინარე გლდანულაზე არსებულ ავარიულ ხიდებს – როგორც მალის ნაშენს, ასევე, ბურჯებს სრული დემონტაჟი ჩაუტარდება. არსებული კონსტრუქციის ნაცვლად, რომელიც სამ პარალელურ ხიდს წარმოადგენდა, ახალი ხიდების მშენებლობა მიმდინარეობს.

სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კონსტრაქშენ სერვისი“ აწარმოებს და ის მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება. აღნიშნულ პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8,057,871 ლარი დაიხარჯება.

მსგავსი სტატიები