გაერო მცურავი ქალაქების აშენების მოწოდებით გამოდის

Construction News

მცურავი ქალაქები კაცობრიობას საშუალებას მისცემს, რომ კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული გლობალური წყალდიდობებისგან თავი დაიცვას. ამის შესახებ გაეროს გენმდივნის მოადგილემ, ამინა მოჰამედმა ორგანიზაციის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას მიეძღვნა.

გაეროს მონაცემებით, 300 ათასზე მეტი მცხოვრებით დასახლებული ქალაქების თითქმის 60% ციკლონების, გვალვების, წყალდიდობების, მიწისძვრებისა და ვულკანების ამოფრქვევის მაღალი რისკის ქვეშ არის. ამ ფონზე, ზოგიერთ რეგიონში უკვე მიმართეს ამ მეთოდს. მაგალითად, სინგაპურმა, სადაც 1965 წლიდან მოყოლებული მეოთხედით გაიზარდა ტერიტორია მცურავი ნაგებობების საფუძველზე.

“ჩვენი მიდგომები ქალაქების განვითარებასა და გარემოზე ზეგავლენასთან დაკავშირებით, გადასახედია. მცურავი ქალაქები ერთ-ერთი ახალი ინსტრუმენტი გახდება ჩვენს არსენალში. ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად”, – განაცხადა ამინა მოჰამედმა.

მისი ინფორმაციით, კლიმატის ცვლილებების გამო, ქალაქების დატბორვის რისკი იზრდება. ზოგიერთი მონაცემების თანახმად, ბანგკოკი ყოველწლიურად 2 სანტიმეტრით იძირება. ამასთან, სიამის ყურეში წყლის დონე მატებას განაგრძობს.

“ავაშენოთ ხალხისთვის და არა მანქანებისთვის, ავაშენოთ ქალაქები, რომლებიც ზღვის დონის მატების გამო, წყლის ქვეშ არ აღმოჩნდებიან – ქალაქები წყალზე უნდა იდგნენ და არა წყლის ქვეშ. მცურავი ქალაქები უფრო მეტად დაცული იქნებიან კლიმატის ცვლილებებთან მიმართებით, რადგან მათზე მდებარე შენობები წყლის დონის მატებასთან ერთად აიწევიან და იტივტივებენ”, – ციტირებს tass.ru ორგანიზაციის წარმომადგენელს.

მსგავსი სტატიები