ბუშის ქუჩაზე არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოს დემონტაჟი მიმდინარეობს

Construction News

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ ბუშის ქუჩაზე და კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ მედიას ინფორმაცია მიაწოდა.

მერის მოადგილემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ბუშის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებზე დაკავებული კონტრაქტორი სხვა კომპანიით ჩანაცვლდა.

კომპანიას, რომელიც გეგმა-გრაფიკს არღვევდა, ხელშეკრულება შეუწყდა. ბუნებრივია, მას თანხა არ ანაზღაურებია. ამის შემდეგ მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ახალი ტენდერი, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ჯორჯ ბუშის ქუჩაზე არსებულ თარგს, არამედ მთლიანად კახეთის გზატკეცილზე არსებულ ყველა თარგს. დაახლოებით, 7 ჰექტარ ტერიტორიაზეა საუბარი. გამარჯვებულმა კომპანიამ „გრინსერვის +“ უკვე დაიწყო მუშაობა: მიმდინარეობს ბუშის ქუჩაზე არსებული არაკეთილსინდისიერად შესრულებული ძველი სამუშაოს დემონტაჟი. ასევე, მთელს 7 ჰექტარ ტერიტორიაზე მიმდინარეობს სარწყავი სისტემის გამოცვლა; გადარგულია დაახლოებით 50-მდე ხე-მცენარე. სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის, კახეთის გზატკეცილზე ჩვენ გვექნება განახლებული თარგები, მათ შორის ის თარგიც, სადაც მონუმენტი „ადამიანი და მზე“ მდებარეობს. იქ მოეწყობა ხელოვნური ტბა, დაირგვება 36 ათასი ხე-მცენარე და ბუჩქი, ასევე, მთლიანად აღდგება ბალახოვანი საფარი”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

კომპანიასთან „გრინსერვის+“ ხელშეკრულება 17 მაისს გაფორმდა. სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში 21 მაისს დაიწყო და დასრულების ვადად განისაზღვრა 190 კალენდარული დღე.

ბუშის ქუჩაზე და კახეთის გზატკეცილზე, მწვანე თარგები ჯამში 7 ჰექტარზე განახლდება.

მსგავსი სტატიები