ბუნებრივი აირის მოხმარებაზე რეგულაციები გამკაცრდება

Construction News

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბუნებრივი აირის მოხმარების მიმართულებით რეგულაციები გამკაცრდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დიღმის მასივში მომხდარი შემთხვევის კომენტირებისას განაცხადა.

კახა კალაძე მოქალაქეებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ საფრთხის თავიდან ასაცილებლად შესაძლოა, კორპუსებში სპეციალური სენსორები დამონტაჟდეს, რომელიც ბუნებრივი აირის გაჟონვას სიგნალიზაციით დააფიქსირებს.

„ჩვენ მოვითხოვეთ ამ მიმართულებით რეგულაციების გამკაცრება. გვქონდა შეხვედრა ენერგეტიკის სამინისტროსთან. ვისაუბრეთ, თუ როგორ ვხედავთ ამ კუთხით ცვლილებებს. მათი თანხმობაც არის, ერთიანი ძალისხმევით მოხდება ის ცვლილებები, რაც მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თვალსაზრისით. თუკი მოხდება ბუნებრივი აირის გაჟონვა, მაშინვე ჩაირთვება სიგნალიზაცია და საფრთხე თავიდან იქნება აცილებული. ეს იქნება სავალდებულო, თუმცა ადამიანებმაც უნდა გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე”,- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს, დიღმის მასივში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რამაც სამი საცხოვრებელი სახლის შიდა და გამყოფი კედლების ნგრევა გამოწვია. აფეთქების შედეგადაც 8 ადამიანი დაშავდა. არცერთი დაშავებული ნანგრევებში არ მოყოლილა. აფეთქებამ 4 ავტომანქანაც დააზიანა.

აფეთქება, სავარაუდოდ, კუსტარულად დამონტაჟებულმა გამათბობელმა გამოიწვია. ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მსგავსი სტატიები