ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

Construction News

ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გამთენიისას მუშაობა განაახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმაც. საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად, ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 150-მდე მეხანძრე-მაშველი და 30-მდე მეტყევე.

პირველადი ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების არეალმა, ჯამში, დაახლოებით, 3,5 ჰა შეადგინა. ამ დროისათვის, ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებთან ერთად, ცოცხალი ძალა ინტენსიურად ახორციელებს ტერიტორიის დამუშავებასაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სტატიები