ბინებზე მოთხოვნა შემცირდება, რადგან ადამიანებს გარკვეულწილად თანხის დაზოგვა მოუწევთ – ირაკლი როსტომაშვილი

Construction News

სამშენებლო კომპანიები, რომლებსაც მშენებლობის ნებართვა ახალი მიღებული აქვთ,  სამშენებლო სამუშაოების დაწყებისგან თავს იკავებენ – მთავარ მიზეზად ქვეყანაში შექმნილი ვითარება სახელდება.

constructionnews.ge-სთან საუბარში, კომპანია “გრინ პარკის” წარმომადგენელი აცხადებს – იმისდა მიუხედავად, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი  ობიექტის მშენებლობის ნებართვა უკვე მიღებული აქვთ, სამშენებლო სამუშაოებს ამ ეტაპზე არ დაიწყებენ.

ჯერჯერობით ჩვენ არაფერი არ გვაქვს დაწყებული და სანამ სიტუაცია არ ჩაწყნარდება, არაფრის დაწყებას არ ვაპირებთ”, – აცხადებენ კომპანიაში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, კომპანია “გრინ პარკი” ვაშლიჯვრის დასახლებაში 5,491.1 კვ.მ. ფართობის,  მრავალბინიანი საცხოვრებელი ობიექტის მშენებლობას გეგმავს.

სამშენებლო სამუშაოების შეჩერებაზე საუბრობენ “ლეველი+”-შიც.  კომპანიამ, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა 10 თებერვალს მიიღო. თუმცა, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, დროებით მათაც მოუწევთ სამშენებლო სამუშაოების შეჩერება.

პირველი ეტაპის სამუშაოები დაწყებული გვაქვს, შემდგომი ეტაპისთვის შემუშავებული გვაქვს გარკვეული კონცეფცია, თუმცა ამ ეტაპისთვის გარშემო ყველაფერი გაჩერებულია და შესაბამისად ჩვენც შევაჩერეთ მუშაობა”, – აცხადებენ “ლეველი+”-ში.

სამშენებლო სექტორში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, constructionnews.ge-სთან კომენტარი გააკეთა მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი როსტომაშვილმა. მისი განმარტებით, კორონავირუსმა პრობლემები შეუქმნა სამშენებლო სექტორს არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც.

ნებისმიერი ბიზნესის განვითარება დამოკიდებულია “ბედნიერ ხალხზე”, რომელსაც რაიმეს ყიდვის შესაძლებლობა აქვს. თუმცა, თუ ასე გაგრძელდა, ბინებზე მოთხოვნა შემცირდება, რადგან ადამიანებს გარკვეულწილად თანხის დაზოგვა მოუწევთ. ეს რა თქმა უნდა სამშენებლო კომპანიების მუშაობასაც შეაფერხებს. სიტუაცია არასტაბილურია და პროგნოზის გაკეთება მიჭირს’’- აღნიშნა ირაკლი როსტომაშვილმა.

მსგავსი სტატიები