ბერლინში ჩატარებულ კონკურსზე თბილისი “საუკეთესო კულტურულ ქალაქად” დასახელდა

Construction News

ბერლინში ჩატარებულ კონკურსზე თბილისი 2020 წლის „საუკეთესო კულტურულ ქალაქად“ დასახელდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, LCD BerlinAwards-ის გლობალური კულტურული სამოგზაურო ქსელისა და VisitBerlin-ის ერთობლივ ცერემონიაზე საქართველოს დედაქალაქმა გაიმარჯვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

თბილისის მერის თქმით, კონკურსში გამარჯვება პირდაპირ აისახება ტურისტების რაოდენობის ზრდასთან, რაც დედაქალაქში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ეს პირდაპირ აისახება იმაზე, რომ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა საქართველოში.  ეს რა თქმა უნდა, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი განვავითაროთ – გაკეთდეს სასტუმროები, ჰოსტელები, კაფე-ბარები. ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი ადამიანი დავასაქმოთ და ჩავრთოთ საქმეში.  ძალიან მიხარია და მეამაყება, რომ ვარ იმ ქალაქის მერი, რომელსაც ძალიან დიდი ტრადიცია და კულტურა აქვს. მეამაყება, რომ ჩვენი სტუმართმოყვარეობა მსოფლიოშია განთქმული. ჩვენი მეგობრობა და ეს ურთიერთობები, რაც გვაქვს, მართლაც მოსაფრთხილებელი და დასაფასებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კონკურსის მიზანია, ტურისტებს უახლესი სამოგზაურო ადგილების აღმოჩენაში დაეხმაროს, რომელიც კულტურულ და სათავგადასავლო მიმართულებას მოიცავს.

თბილისის კონკურენტები მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ტურისტული ქალაქები იყვნენ. დაჯილდოების მე-6 ცერემონიაზე 28 ქვეყნის 50 კულტურული მიმართულება იყო წარმოდგენილი.

მსგავსი სტატიები