ბათუმში ქიმიური ტერმინალი აშენდება

Construction News

ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალი აშენდება. “აჭარის ტელევიზიის” ინფორმაციით, ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის განცხადებით, კარბამიდის ტერმინალი უსაფრთხოა, დოკუმენტაციის შესწავლა დასრულდა და მერიის გადაწყვეტილებით მშენებლობაზე ნებართვას დღეს გასცემენ. 

“დღეს დასრულდა საბოლოოდ ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის საკითხზე საბუთების დამუშავება. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი არქიტექტურის სამსახური თანამშრომლობდა გარემოს დაცვისა სამინისტროსთან. შესაბამისად ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ამ საქმესთან იყო დაკავშირებული დოკუმენტების წარმოდგენის თვალსაზრისით, წარმოდგენილი იქნა. იყო სერიოზული და კარგი პრეზენტაცია ბათუმის საკრებულოში, სადაც კომპანიამ ჩამოიყვანა მაღალი დონის ექსპერტები. ამ შეხვედრაზე ყველა კითხვას გაეცა პასუხი, რაც აწუხებდა საზოგადოების ცალკეულ წევრებს თუ ზოგადად გვაინტერესებდა ჩვენ მერიის წარმომადგენლებს. დღევანდელ არსებულ სიტუაციასთან შედარებით, როდესაც იგივე ტვირთების დამუშავება ხდება ღია წესით, მსგავსი ტერმინალის აშენება ეს არის პორტის გაცილებით მაღალ ეკოლოგიურ უსაფრთხოების საფეხურზე აყვანა”, – განაცხადა მერმა. 

ლაშა კომახიძის თქმით, ტერმინალის მშენებლობა ბათუმის, როგორც ტურისტული ქალაქის იმიჯს არ დააზიანებს.

“შიშები იმის შესახებ, ხომ არ დააზიანებს ტერმინალის მშენებლობა ქალაქის ტურისტულ იმიჯს, აქაც ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითი მივიღეთ. გაცილებით დიდი ტურისტული ისტორიის მქონე ქალაქებში მსგავსი და გაცილებით დიდი მასშტაბის ტერმინალები ფუნქციონირებს, ასევე დასახლებულ პუნქტებთან ახლოსაც”,- თქვა ბრიფინგზე ქალაქის მერმა. 

კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვის გაცემა მოქალაქეებმა გააპროტესტეს. საინიციატივო ჯგუფის ”ქიმიური შეტევა ბათუმზე” წევრები ბათუმის მერიასთან შეიკრიბნენ, სადაც ბანერი ”არა ქიმიურ ტერმინალს” მიიტანეს. მათი თქმით, ქიმიური ტერმინალის მშენებლობა ქალაქს ეკოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის. 

კარბამიდის ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით, ხელშეკრულება 14 იანვარს ბათუმში გაფორმდა.

მსგავსი სტატიები