ბათუმში მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალი გაიხსნა

Construction News

ბათუმში მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალი გაიხსნა. შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალისა“ და შპს „მედლოგ ჯორჯიას“ ერთობლივი ძალისხმევით 2 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყო სასაწყობე ინფრასტრუქტურა და 3000 კვ.მ. დახურული თანამედროვე საბაჟო საწყობი.

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის ნავმისადგომებზე უკვე შესაძლებელია FEEDERMAX ტიპის საკონტეინერო გემების მიღება 11მ წყალშიგით. ეს გარემოება მნიშვნელოვნად ზრდის საოპერაციო შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს მომსახურების კონკურენტუნარიანობას, რაც გავლენას ახდენს არამარტო საკონტეინერო ტერმინალის, არამედ მთლიანად ნავსადგურის სატრანსპორტო მნიშვნელობაზე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, ეს არის კიდევ ერთი შესანიშნავი პროექტი, რომელიც დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის რეალიზებაში. მისივე შეფასებით, ეს არის პროექტი, რომელიც დაეხმარება ჩვენს ექსპორტიორ კომპანიებს, უფრო მეტი წვდომა ჰქონდეთ საერთაშორისო ბაზრებზე.

„ტერმინალის პროექტი შესრულებულია უმაღლესი სტანდარტით, ცნობილი საერთაშორისო კომპანია ICTSI-ისა და მისი შვილობილი კომპანიის მიერ. ვიმედოვნებთ, რომ მათ პორტფელში ეს იქნება ერთ-ერთი წამყვანი პროექტი – საუბარია არამარტო სასაწყობო მეურნეობის განვითარებაზე, არამედ კომუნიკაციებზე, პორტთან მისასვლელი როგორც სარკინიგზო, ისე საავტომობილო გზების განვითარებაზე, ასევე პორტის მისადგომის დაღრმავებაზე. ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს, რომ საკონტეინერო ტერმინალის გამტარუნარიანობა ასი პროცენტით – 100,000-დან 200,000-მდე გაიზარდოს. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია და დაგვეხმარება არამარტო აჭარის, არამედ მთლიანად საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გახსნის ოფიციალურ ცერემონიალზე აღინიშნა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზება საკონტეინერო ტერმინალის გამტარუნარიანობას 100%-ით ზრდის (100,000TEU-დან 200,000TEU-მდე) და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს არამარტო საკონტეინერო ტერმინალის, ასევე ნავსადგურის საქმიანობის ეფექტურობისა და მომსახურების ხარისხს, რაც რეგიონის ეკონომიკას კიდევ უფრო გააძლიერებს და განავითარებს.

მსგავსი სტატიები