ბათუმში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს დემონტაჟის ნაცვლად, სართული დააშენეს

Construction News

ბათუმში, მემედ აბაშიძის #9 ნომერში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში მცხოვრებმა ოჯახმა, სახლზე ლითონის კონსტრუქცია უნებართვოდ მოაწყო, შემდეგ კი მანსარდი დააშენა.

2018 წლის 13 ნოემბერს, დაშენება აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურმა აღმოაჩინა. სამართალდარღვევაზე წერილობით ოჯახი და ამხანაგობა გააფრთხილა, უწყებამ უკანონო დაშენების დემონტაჟისთვის მესაკუთრეებს 5 დღე მისცა. რამდენიმე დღეში, მემედ აბაშიძის #9 ნომერში მცხოვრებმა ციალა ბეჟანიძემ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წერილობით თხოვა, რომ ნაცვლად 5 დღისა, დემონტაჟისთვის 15 დღე მიეცათ. 

15 დღეში, სახურავზე მოწყობილი ლითონის კონსტრუქციის დემონტაჟის ნაცვლად, სააგენტოს თანამშრომლებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე დაშენებული მანსარდა დახვდათ. 

“წერილობითი, ასევე სიტყვიერად არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მესაკუთრემ უნებართვო მინაშენის დემონტაჟის ნაცვლად, გააგრძელა დაწყებული სამუშაოები და ლითონის კონსტრუქციების ნაცვლად დღესდღეობით ძეგლზე განხორციელებულია მანსარდული სართულის დაშენება”, – აცხადებენ ძეგლთა დაცვის სააგენტოში.

სააგენტომ მოქალაქეს სასამართლოში უჩივლა და 3 დღის წინ, მოქალაქე სასამართლომ 5 ათასი ლარით დააჯარიმა. 

“სამართალდარღვევათა კოდექსის #88-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, 16 იანვარს შედგენილ იქნა სამართალდარღვევათა ოქმი (5 000 ლარი), რომელიც 2019 წლის 19 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა”, – წერია აჭარის ძეგლთა დაცვის სააგენტოს წერილში. 

თუ დემონტაჟი არ განხორციელდა, მოქალაქეს ჯარიმა გაუორმაგდება.

ajaratv.ge

მსგავსი სტატიები