ბათუმში ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო რამდენიმე ქუჩაზე ტრასპორტის მოძრაობა შეზღუდულია

Construction News

ბათუმში, კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს, რის გამოც, რამდენიმე ქუჩაზე  შეზღუდულია სატრანსპორტო მოძრაობა.

მიმდინარე სამუშაოების ვადებისა და ქუჩების გახსნის შესახებ, ბათუმის მერია ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე პროექტების ვადების გადანაცვლება პანდემიამ გამოიწვია.

რუსთაველის ქუჩაზე, გრიბოედოვისა და ნურეთინ ჩარმიქლის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში უკვე დასრულდა ახალი წყალარინების ქსელის მოწყობა და ხორციელდება გზის სავალი ნაწილის აღდგენითი სამუშაოები, რაც მიმდინარე კვირის ბოლოს დასრულდება.

წყალარინების სისტემის მოწყობის მიზნით მიმდინარეობს და თვენახევრის განმავლობაში გაგრძელდება სამუშაოები ჯავახიშვილის ქუჩაზე, რუსთაველის ქუჩის კვეთასთან “მაგნოლიის” მიმდებარედ.

ჯავახიშვილის ქუჩაზე, ფიროსმანისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების მონაკვეთში ხორციელდება სანიაღვრე კოლექტორისა და წყალარინების ცენტრალური მაგისტრალის მოწყობა. აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

წყალარინების სისტემა ეწყობა ასევე კობალაძის ქუჩაზე, აღმაშენებლის წრიულიდან ინასარიძის ქუჩამდე მონაკვეთში, სადაც სამუშაოები აგვისტოს ბოლომდე უნდა დასრულდეს. ინასარიძის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ეზოებში მიმდინარე სამუშაოები ათ დღეში დასრულდება, კეთილმოწყობის სამუშაოები კი მომდევნო ორ კვირაში განხორციელდება.

წყალარინების სისტემის მოწყობის სამუშაოები დაიწყო ხახულის ქუჩაზე, სადაც სამუშაოების დასასრულებლად ერთი თვეა გათვალისწინებული. აღნიშნულ ქუჩაზე ახალი სისტემის მოწყობის სამუშაოების დასრულების შემდეგ განხორციელდება გზის სავალი ნაწილის მოასფალტება.

წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ასევე ბაგრატიონის ქუჩის ბოლო მონაკვეთში – აღმაშენებლის ქუჩიდან აეროპორტის გზატკეცილამდე, გზის სავალ ნაწილზე ცალმხრივად, აეროპორტის მიმართულებით. სამუშაოების დასასრულებლად ოცი დღეა გათვალისწინებული, რის შემდეგაც დაიწყება გზის აღდგენითი სამუშაოები.

წყალარინების სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ასევე ტაბიძის ქუჩაზე, აღმაშენებლისა და დიასამიძის ქუჩების მონაკვეთში და მიმდებარედ არსებულ შიდა ეზოებში, ასევე ანგისის ჩიხში. სამუშაოები თვის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც დაიწყება ასფალტის საფარის დაგების ღონისძიებები.

ერთი კვირის ვადაში დასრულდება სამუშაოები გრიბოედოვის #6-ში არსებულ ეზოში, რის შემდეგაც მოასფალტების სამუშაოები განხორციელდება.

ორმოული შეკეთებისა და რკინა-ბეტონის ფილების სარემონტო სამუშოების ფარგლებში, ევდემოზ პირველის ქუჩაზე მოსამზადებელი სამუშაოები ხორციელდება, ხოლო ასფალტის დაგება დაგეგმილია 16-17 ივლისს.

ბაგრატიონის ქუჩაზე კი, რკინა-ბეტონის ფილების გასწორების სამუშაოები მიმდინარეობს.

შარტავას ქუჩაზე, სადაც უკვე დასრულდა KfW-ს პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშოები, ასფალტის საფარის დაგება დაგეგმილია 13-14 ივლისს.

აღნიშნული სამუშაოების დასრულების შედეგად 2,200-ზე მეტი მრავალბინიანი თუ კერძო საცხოვრებელი სახლი ძველი, ამორტიზებული წყალარინების სისტემიდან ახალ ქსელში ჩაერთვება.

პარალელურად მიმდინარეობს არდაგანის ტბის მიმდებარედ სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობისა და ზღვაში ჩამშვები მილის მონტაჟის სამუშაოები, რაც მიმდინარე წელს დასრულდება. სანიაღვრე კოლექტორებისა და სატუმბი სადგურის მშენებლობის დასრულების შემდეგ უხვი ნალექის დროს ქალაქის დატბორვის საფრთხე მნიშვნელოვნად შემცირდება.

პროექტის ფარგლებში, ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს წყლის სისტემების რეაბილიტაცია და წყალმომარაგების რეზერვუარის მშენებლობა გონიო-კვარიათის დასახლებაში, სადაც ხორციელდება მაგისტრალური ხაზის მშენებლობა მეჯინისწყლიდან გონიოში მდებარე რეზერვუარამდე. აღნიშნული მაგისტრალი, შიდა დაქსელვების გათვალისწინებით, ჯამში 30 კმ-იან ქსელს მოიცავს. პროექტის ფარგლებში, ზღვის დონიდან 40 მეტრ სიმაღლეზე შენდება 2000 კბმ მოცულობის წყლის სამარაგო რეზერვუარი. ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ რეზერვუარი უზრუნველყოფს 1,000-ზე მეტი აბონენტის 24 საათიან უწყვეტ წყალმომარაგებას თვითდენით.

სამუშაოების ღირებულება 44 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სტატიები