ბათუმში “იაფი სახლის” პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო

Construction News

ბათუმის მერიამ ხელმისაწვდომი საცხოვრისის ე.წ. “იაფი სახლის” პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო.

პროგრამა გულისხმობს კეთილმოწყობილი ბინების გადაცემას, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შერჩეული ოჯახებისთვის. შერჩეული აპლიკანტები ბინას ბათუმში, ჯავახიშვილის N 78ა-ში მდებარე კორპუსებში მიიღებენ.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 29 მაისამდე გაგრძელდება. აპლიკანტებმა შესაბამისი დოკუმენტაცია მერიის სერვის ცენტრებში უნდა წარმოადგინონ.

“ხელმისაწვდომი საცხოვრისის” აპლიკანტი ოჯახები ფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

ა) ოჯახის წევრების მოქალაქეობა;

ბ) ოჯახის წევრების რეგისტრაცია ბათუმში;

გ) ოჯახის ამჟამინდელი საცხოვრებლის სტატუსი;

დ) ოჯახის სხვა უძრავი ქონება;

ე) ოჯახის ზომა (სულადობა);

ვ) ოჯახის წევრების დასაქმების სტატუსი/სამუშაოს სტაბილურობა;

ზ) ოჯახის შემოსავლები და შემოსავლის წყაროები;

თ) ოჯახის (მისი წევრების) საბანკო ვალდებულებები;

ი) ოჯახის წევრების სპეციალური სტატუსი;

კ) საცხოვრებელი ბინის/სახლის მდგომარეობა;

ლ) სუბიექტური ლოიალობა პროგრამის მოთხოვნების მიმართ;

ოჯახის ყველა წევრი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. ასევე, ოჯახის ერთ სრულწლოვან წევრს მაინც უნდა ჰქონდეს რეგისტრაცია ბათუმში, სულ მცირე ერთი წელი მაინც.

რაც შეეხება აპლიკანტის შემოსავალს, ოჯახის საერთო შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს:

1 სულიანი ოჯახებისთვის – 1200 ლარს;

2 სულიანისთვის – 1800 ლარს;

3 სულიანისთვის – 2400 ლარს;

4 და მეტ სულიანისთვის – 3000 ლარს;

(ხელფასის შემთხვევაში, შემოსავალში იგულისხმება ხელზე ასაღები ხელფასი).

სარეიტინგო ქულის სტრუქტურა:

რაც შეეხება სარეიტინგო ქულას,  იმ ოჯახს აქვს უფრო მეტი უფლება ხელმისაწვდომ საცხოვრისზე, რომლის სარეიტინგო ქულაც მეტია. თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა უდრის 0-ს, მაშინ ის კარგავს უფლებას ხელმისაწვდომი საცხოვრისის მიღებაზე.

სარეიტინგო ქულა გამოითვლება ფორმულით: 𝑄 = 𝑖𝑛𝑡(𝑋1𝑋2𝑋3 ∗ 10000), სადაც X1 არის გადახდისუნარიანობის ინდექსი, X2 – საჭიროების ინდექსი, X3-გამფილტრავი თანამამრავლი, ხოლო int(a) არის ფუნქცია, რომელიც აგენერირებს a რიცხვის მთელ ნაწილს.

დეტალური ინფორმაცია დადგენილი კრიტერიუმების შესახებ, ასევე სარეიტინგო ქულის სტრუქტურის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მიმაგრებულ ფაილებში. ასევე, დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია მერიის სერვის ცენტრებში, ან მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

წყარო: batumi.ge

მსგავსი სტატიები