ახალმა საბანკო რეგულაციებმა სამშენებლო ბიზნესში გაყიდვები 50%-ით შეამცირა

Construction News

1-ლი იანვრიდან ამოქმედებულმა საბანკო რეგულაციებმა, რომლის მიხედვით მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასების გარეშე, სესხის გაცემა შეიზღუდა, სამშენებლო სექტორი მნიშვნელოვნად დააზარალა. 

კერძოდ, როგორც დეველოპერების ნაწილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, ერთი თვის განმავლობაში მათი გაყიდვები 50%-მდე შემცირდა, ნაწილის შემთხვევაში კი საერთოდ შეჩერდა. მათივე თქმით, ასეთ პირობებში ბიზნესი განვითარებას წყვეტს და იძულებულია, მომავალში მასშტაბური პროექტების განხორციელებისგან თავი შეიკავოს.

ცნობისთვის, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს ეროვნული ბანკის დებულება – „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ“, რომლის მიხედვითაც სესხის გამცემ ყველა ორგანიზაციას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასება დაევალა. დებულების მიხედვით, სუბიექტი ფიზიკურ პირზე იმაზე მეტ სესხს ვეღარ გასცემს, რისი გადახდის რეალური შესაძლებლობაც მოქალაქეს არ ექნება. ამასთან, დებულებით დგინდება, თუ რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტიპის სესხი. მაგალითად, იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად 15 წელი განისაზღვრა.

დეველოპერები ცალსახად ვერ ამბობენ, რომ რეგულაციები საჭირო არ იყო, თუმცა აღნიშნავენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები ბიზნესთან შეთანხმებით უნდა ხდებოდეს, რათა შედეგები ნაკლებად მტკივნეული იყოს და ამასთან, სექტორის განვითარებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად არ გადაიქცეს.

bpn.ge

მსგავსი სტატიები