ახალი სამშენებლო კოდექსის ამოქმედება 6 თვით გადაიდო

Construction News

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკიური პოლიტიკის კომიტეტმა 30 მაისს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა ახალ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტის წევრმა, ზაზა გაბუნიამ წარმოადგინა.  

საკანონმდებლო პაკეტი აერთიანებდა:

  • “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას;
  • “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანას;
  • “საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ გარდამავალ დებულებაში ცვლილებების განხორციელებას;

პაკეტი თბილისსა და რამდენიმე მუნიციპალიტეტებისათვის კოდექსის რეგულაციების ამოქმედების ვადის 6 თვით გადავადებას ითვალისწინებს.

ინიციატორის განმარტებით, ეს იქნება გონივრული ვადის განსაზღვრა იმ მუნიციპალიტეტებისათვის რომლებმაც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა 2019 წლის 3 ივნისამდე დაამტკიცეს. ცვლილება საჭიროა იმისათვის, რომ კოდექსი და მისი თანმდევი აქტები უხარვეზოდ განხორციელდეს, ასევე გათვალისწინებულ იქნეს ადგილობრივი თვითმმართველობების სპეციფიკა. გარდა ამისა, შესაძლებელი უნდა იყოს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების შესაბამისობაში მოყვანა მითითებულ რეგულაციებთან მიმართებაში, გამართული ადმინისტრაციული წარმოებისა და სამშენებლო პროცესების განვითარების კუთხით.

აღსანიშნავია, რომ კომიტეტთან არსებობს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის, არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომელიც ამ თვეების განმავლობაში გაუწევს მონიტორინგს, როგორ მიმდინარეობს შესაბამისი უწყებების მხრიდან საკითხზე მუშაობა.

კომიტეტის სხდომაში მონაწილეობდნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები: ირაკლი ხმალაძე და მაია ბითაძე, მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები. ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგელები.

მსგავსი სტატიები