აშშ-ის სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება

Construction News

აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიურო, სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს. ბიუროს ინფორმაციით, სამშენებლო სექტორში ვაკანტური სამუშაო ადგილები შეივსო, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე პოზიტიურად აისახება. მხოლოდ აპრილის თვეში სექტორს 33,000 დასაქმებული შეემატა.

აღსანიშნავია, რომ ეს ტენდენცია აშშ-სთვის შედარებით ახალია, რადგან  2019 წლის დასაწყისში იმ სექტორებს შორის, რომლებშიც ყველაზე ნაკლები ადამიანი დაიქირავეს, მშენებლობაც მოხვდა. აშშ-ის შრომის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2 თვის წინ სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 31,000-ით იყო შემცირებული.

ამ ეტაპზე სექტორი პოზიტიურ ცვლილებებს განიცდის. 2019 წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ინდუსტრიაში 256,000-ით მეტი ადამიანი იყო დასაქმებული, რაც 3.5%-იან ზრდას გულისხმობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე თვეში სამშენებლო სექტორში დასაქმების მაჩვენებელი 49 შტატში გაიზარდა. გამონაკლისი იყო ნებრასკა, სადაც სამშენებლო სექტორში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 5.1%-ით უფრო ნაკლები ადამიანი დასაქმდა.

შტატებს შორის სამშენებლო ინდუსტრიაში მაღალი დასაქმების მაჩვენებლით პირველი აღმოჩნდა ალასკა, რომელმაც 13.5%-იანი ზრდა აჩვენა. ასევე ხუთეულში მოხვდნენ მისურის შტატი 9.7% მაჩვენებლით, კენტუკი – 9.6%, კონექტიკუტი – 8.8% და ილინოისი – 8.7%.

სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა ყველაზე მცირე ზრდა დაფიქსირდა იუტას შტატში – 1.9%, რომელსაც მოსდევს ნევადა, ასევე სამხრეთ დაკოტა, ფლორიდა და კოლორადო.

მსგავსი სტატიები