აუშენებელი კედელი -„შათდაუნი“ ძვირი ჯდება

Construction News

მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის საკითხით გამოწვეული „შათდაუნი“ აშშ-ს ძვირი დაუჯდა. S&P Global Ratings-ის მონაცემებით, ფედერალური მთავრობის მუშაობის ნაწილობრივ შეჩერებისა და დაბალი ეკონომიკური აქტივობის გამო, ქვეყანამ 6 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა.

“მკაფიოდ ვიტყვი: სხვა გამოსავალი არაა  – კედელი მაინც უნდა აშენდეს. თუ კონგრესთან შეთანხმება ვერ შედგება, 15 თებერვალს ახალი „შათდაუნი“ დაიწყება და საგანგებო მდგომარეობას გამოვაცხადებ, რათა საზღვრის გასამაგრებლად სარეზერვო ფონდები გამოვიყენო“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

შეგახსენებთ, რომ 26 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დროებით ბიუჯეტს, რომლის საფუძველზეც გარკვეული სამთავრობო უწყებები 15 თებერვლამდე იმუშავებენ. ამ პერიოდის განმავლობაში, რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები გაგრძელდება. აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრები უარს აცხადებენ მექსიკასთან საზღვარზე კედლის ასაშენებლად ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფაზე. ამის გამო კონგრესმა ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა და ფედერალურ მთავრობას დაფინანსება შეუჩერდა.

ცნობისთვის, აშშ-ის მთავრობამ მუშაობა ნაწილობრივ 2018 წლის 22 დეკემბერს შეაჩერა, რაც რეკორდული პერიოდი – 35 დღე გაგრძელდა.

აშშ-ის მთავრობის მუშაობის შეწყვეტას ინგლისურად shutdown (დახურვა, შეჩერება) ჰქვია. ასეთ ვითარებაში მუშაობას აგრძელებს მთავრობის მხოლოდ ის ნაწილი, რომლის ფუნქციონირება აუცილებელია. მაგალითად, აეროპორტის უსაფრთხოება და სამართალდამცავი ორგანოები და ა.შ. ამ პერიოდში მომუშავე მოხელეები ანაზღაურებას არ იღებენ.

“შათდაუნი” მანამდე გრძელდება, სანამ კონგრესი ბიუჯეტის ახალ დოკუმენტს არ მიიღებს და პრეზიდენტი ხელის მოწერით კანონად არ აქცევს.

მსგავსი სტატიები