აუდიტის სამსახური “სპორტული ინფრასტრუქტურის მართვის ეფექტიანობის” ანგარიშს აქვეყნებს

Construction News

სახელმწიფო აუდიტის სამსახური “სპორტული ინფრასტრუქტურის მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშს” აქვეყნებს.

ანგარიში მოიცავს, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი 2015”-ის ფარგლებში რეაბილიტირებული და ახლად აშენებული სპორტული ინფრასტრუქტურის, შემდგომი გამოყენებისთვის განხორციელებულ ღონისძიებებს. აუდიტის ჯგუფის მიერ გააანალიზდა მართვასთან დაკავშირებული საკითხები და სპორტული ინფრასტრუქტურის გამოყენების გაუმჯობესების პოტენციალი.

აუდიტის ობიექტად განისაზღვრა “საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო” და მის სისტემაში შემავალი ერთეულები.

აუდიტის პერიოდი მოიცავს 2015-2018 წლებს. ასევე აუდიტის მიზნებიდან გამომდინარე, გამოყენებულია აუდიტის შემდგომი პერიოდის ინფორმაცია.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

სამინისტროს არ აქვს შემუშავებული სპორტული ინფრასტრუქტურის მართვის პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო სახსრების უფრო შედეგიან ხარჯვასა და არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის გრძელვადიან პერიოდში პროდუქტიულ გამოყენებას.

სამინისტროს არ გააჩნია სამოქმედო გეგმა ფესტივალის ფარგლებში აშენებული და რეაბილიტირებული სპორტული ობიექტების შემდგომი გამოყენების შესახებ. შესაბამისად, არ არის განსაზღვრული კონკრეტული მიზნები, მათი მიღწევის მექანიზმები და შეფასების ინდიკატორები, რაც ხელს შეუწყობს ობიექტების პროდუქტიულ და ეფექტიან ფუნქციონირებას.

ფესტივალისთვის აშენებული სპორტული ობიექტების ადგილმდებარეობის განსაზღვრისას შესაბამისი კვლევები არ ჩატარებულა. აღნიშნულ პროცესში არ იყო გათვალისწინებული გეოგრაფიული მდებარეობისა და ხელმისაწვდომობის საკითხები, რაც საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით აპრობირებული მეთოდია.

სამინისტროს არ ჰქონდა შემუშავებული შესაბამისი გეგმა და კრიტერიუმებზე დაფუძნებული სისტემა, რომელსაც გამოიყენებდა ფესტივალის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების მონეტარული და სოციალური სარგებლის შესაფასებლად. აღნიშნული შესაძლებლობას მისცემდა გაანალიზებულიყო ფესტივალის ფარგლებში ქვეყნისთვის მისაღები პოტენციური სარგებელი, მიღწევის გზები, შეფასების ინდიკატორები და შესაბამისი ქმედითი ღონისძიებები.

სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნისათვის, ინვესტირებული კაპიტალის შემოსავლიანობის (ROI) ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ სპორტული ობიექტებიდან შემოსავლების მიღების არსებული ტემპით გაგრძელების პირობებში, ინვესტიციების ანაზღაურების კოეფიციენტი 8%-ს გაუტოლდება, რაც ღონისძიებიდან მიღებული სარგებლის დაბალ მაჩვენებელზე მიუთითებს. რაც შეეხება სოციალურ სარგებელს, სტატისტიკური ანალიზიდან არ იკვეთება ფესტივალის პოზიტიური ეფექტი ტურისტების მოზიდვასა და ქვეყნის ცნობადობის გაზრდაზე.

სპორტული ობიექტების შემოსავლები არასტაბილურია და გარკვეულ შემთხვევებში კლებადი ტენდენციით ხასიათდება. გარკვეული სპორტული ობიექტების ფუნქციონირების შედეგად გაწეული ხარჯი აჭარბებს მიღებულ შემოსავალს, ხოლო რიგ შემთხვევებში, ფუნქციონირებით მიღებული შემოსავალი უმნიშვნელოდ ფარავს ხარჯებს, მაშინ როდესაც მოცემული მიმართულებები სპორტის ერთ-ერთი მოთხოვნადი სახეობაა ბაზარზე.

სპორტული ობიექტების დატვირთვის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია და შესაბამისად, ფიქსირდება მიუღებელი შემოსავალი. 2019 წლის მდგომარეობით, გარკვეული სპორტული ობიექტები საშუალოდ დატვირთულია არსებული რესურსის 16%-ით, რაც დარბაზების არაპროდუქტიულ გამოყენებაზე მიუთითებს. დარბაზების დატვირთვის 20%-იანი ზრდის პირობებში შემოსავლები 1.2-ჯერ გაიზრდება.

მოსახლეობის დაინტერესების და სპორტში ჩართვის მიზნით არ არის შემუშავებული სპეციალური პროგრამები, რაც გაზრდიდა მოთხოვნას და შესაბამისად, დატვირთვის მაჩვენებელს. ფესტივალის ფარგლებში აშენებულ სპორტულ დარბაზებში უმეტეს შემთხვევაში ვარჯიშობენ ნაკრების წევრები და პატარა სპორტული ჯგუფები, შესაბამისად, არ არის გათვალისწინებული მომხმარებლის სხვადასხვა სეგმენტი, რაც აფერხებს შემოსავლების ზრდას.

უწყების ცნობით, გამოვლენილ გარემოებებსა და ნაკლოვანებებზე აუდიტის სამსახურმა შესაბამისი რეკომენდაციები გასცა, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესება.

რეკომენდაციები სამინისტროს:

N1 – სპორტული ინფრასტრუქტურის ეფექტიანი და პროდუქტიული გამოყენების მიზნით, მნიშვნელოვანია სამინისტრომ შეიმუშაოს სპორტული ინფრასტრუქტურის მართვის ერთიანი პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს სისტემის მდგრად განვითარებას.

N2 – პოლიტიკის დოკუმენტზე დაყრდნობით, სამინისტროს ჩართულობით შემუშავდეს სამოქმედო გეგმა თითოეული სპორტული ობიექტის შემდგომი გამოყენების შესახებ. შეფასდეს მათი საბაზისო მდგომარეობა, განისაზღვროს კონკრეტული მიზნები და მათი მიღწევის მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს ობიექტების პროდუქტიულ და ეფექტიან ფუნქციონირებას.

N3 – მოგების ზრდისა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში მოსახლეობის ჩართვის მიზნით მნიშვნელოვანია, თითოეული სპორტული ობიექტის მიხედვით შემუშავდეს სპორტული პროგრამები მომხმარებელთა სეგმენტების გათვალისწინებით, მოხდეს შემქნილი პროდუქტების სწორი პოზიციონირება ბაზარზე და განისაზღვროს დატვირთვისა და მოგების ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები წლების მიხედვით.

N4 – პროცესების ეფექტიანად წარმართვისა და მიღწეული შედეგების შეფასების მიზნით მნიშვნელოვანია, სამინისტროს მხრიდან დაინერგოს მონიტორინგის სისტემა:

  • ცალკეულ სპორტულ ობიექტზე, თითოეული მიზნის მიხედვით გაიწეროს შესაბამისი შეფასების ინდიკატორები, რათა შესაძლებელი გახდეს გაიზომოს მიღწეული შედეგი, გახარჯული ფინანსური რესურსის ეფექტიანობა და საჭიროების შემთხვევაში მოხდეს დროული რეაგირება შემდგომი ღონისძიებების დასაგეგმად;
  • სამინისტრომ შექმნას მექანიზმი, რომელიც სავალდებულოს გახდის წინასწარ გაწერილი კრიტერიუმების საფუძველზე, მმართველი ორგანიზაციების მიერ შუალედური ანგარიშების წარდგენის პროცესს.

აქვე შეგახსენებთ, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, სადაც მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს მოსახლეობაში და განსაკუთრებით მოზარდ თაობაში ფიზიკური აქტივობისა და განათლების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპების დამკვიდრება, მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის პოპულარიზაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება. ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის ეფექტიანი გამოყენება და სპორტის პოპულარიზაცია, რომლის განხორციელებაშიც დიდ როლს თამაშობს “საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო” და მის სისტემაში შემავალი ერთეულები.

დოკუმენტის სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ 2017 წლის მდგომარეობით, ფესტივალისთვის საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის ორგანიზებისა და მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის ჯამში გახარჯული იყო 212,686,800 ლარი.

ინფორმაციას “სახელმწიფო აუდიტის სამსახური” აქვეყნებს.

მსგავსი სტატიები