ასურეთმა ნაწილობრივ ძველი იერსახე დაიბრუნა

Construction News

ასურეთში დავასრულეთ რამდენიმე პროექტი და ნაწილობრივ დავუბრუნეთ ამ სოფელს ძველი იერ-სახე, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ეს არის ადგილი, რომელიც ორი საუკუნის წინ გერმანელმა კოლონისტებმა დააარსეს და კომუნისტური მართველობის დროს იქ 23 ათასი გერმანელი ცხოვრობდა. შემდეგ კი, სამწუხაროდ ისინი გადაასახლეს ყაზახეთში. ეს არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ტიპის პროექტები არის არა მხოლოდ ისტორიული მემკვიდრეობის აღდგენა, არამედ რეგიონული განვითარება. ბევრი რამ უკვე გავაკეთეთ და გავაგრძელებთ ზრუნვას იმისთვის, რომ ასურეთი ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბდეს. გერმანიიდან ბევრი უკვე ჩამოდის, რათა ნახონ წინაპრების სახლები, საფლავები და გვინდა, რომ ამ ისტორიით კიდევ უფრო მეტი ადამიანი დავაინტერესოთ”, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ასურეთში საბიუჯეტო დაფინანსებით, დასრულდა ცენტრალური, შვაბების უბნის რეაბილიტაცია, აღდგა ლუთერანული ეკლესია და სასაფლაოს ტერიტორია, სამ სახლს დაუბრუნდა ისტორიული იერ-სახე, მოეწყო გარე განათება და მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრაზე მუშაობა კი უახლოეს მომავალში დაიწყება.

ზოგადად, ურბანული განახლების ასეთი პროექტებით, ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას ვაძლევთ, რომ ფინანსური სარგებელი ნახონ. ათასი ადამიანი ცხოვრობს დღეს ასურეთში და მათ უკვე აქვთ საშუალება იფიქრონ  ტურისტული მიმართულების განვითარებაზე”, – თქვა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სტატიები