არასამთავრობოები დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან

Construction News

დღეიდან პარლამენტი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, რომლის მიხედვით, დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა ხდება დასაშვები. ცვლილებებს ეწინააღმდეგება არასამთავრობო სექტორი.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა პარლამენტს უკვე მიმართეს, რომ არ დაუშვან დაცული ტერიტორიების სისტემის გაუარესება და უარი თქვან წარდგენილ კანონპროექტზე.

„გარემოს დაცვის სამინისტრო შემოდის ინიციატივით, რომ დაცულ ლანდშაფტში იყოს დაშვებული ასეთი მშენებლობები. გარდა იმისა, რაც წერია თვითონ კანონპროექტში, მის განმარტებით ბარათში წერია, რომ დიდი მასშტაბის ენერგეტიკულ პროექტებზე არის საუბარი. აუცილებელია შეიქმნას დაცული ლანდშაფტები თრუსოს ხეობასა და არაგვის ხეობაში, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ დაშვებული იქნას ამ დაცულ ლანდშაფტებში დიდი ენერგეტიკული პროექტები”, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივას” ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი, ირაკლი მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასაშვებად ცნობას.

ამავე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი დაცული ტერიტორიების – არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტების შექმნა.

საკანონმდებლო პაკეტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა, ხოლო პროექტის ინიციატორია – მთავრობა. საკანონმდებლო ინიციატივაზე დღეს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში იმსჯელებენ.

მსგავსი სტატიები