ანაკლიის პორტის პროექტში სახელმწიფო 100 მილიონ ევროს ჩადებს

Construction News

ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დასმულ შეკითხვებს უპასუხა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტარებს “მინისტრის საათზე” გამოსვლისას და აღნიშნა, რომ მთავრობისგან პროექტს საფრთხე არ ემუქრება.

“ანაკლიის პორტი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, მთლიანად საქართველოს მთავრობისთვის. სწორედ, მთავრობის გადაწყვეტილებით მოხდა ინტერესის გამოხატვა ამ პროექტზე 2014 წელს და გამარჯვებულად გამოვლინდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმი. ჩვენგან ამ პროექტს საფრთხე არ ემუქრება, მთავარია, კონსორციუმმა შეძლოს ვალდებულებების შესრულება”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, მთავრობა ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ხაზს უსვამს პორტის მნიშვნელობას და ცდილობს კონსორციუმს დაეხმაროს სესხის მოპოვებაში.

„სახელმწიფოს გადაწყვეტილება იყო, რომ პორტი უნდა ააშენოს კერძო კომპანიამ, იფუნქციონიროს სრულად და მოიზიდოს ინვესტიციები. მიწის გადაცემის, გზისა და რკინიგზის მშენებლობის გარდა, სახელმწიფო არ უნდა ყოფილიყო ფინანსურად ჩართული, მაგრამ კონსორციუმის თხოვნით, საპარტნიორი ფონდთან არის დადებული მემორანდუმი, რომ 100 მილიონ ევროს სახელმწიფო ჩადებს პროექტში, კონსორციუმს კი თავად აქვს ჩასადები 120 მილიონი და მოსაზიდი – 400 მილიონი ევროს ოდენობით სესხი. ხელშეკრულების შესაბამისად, დაფინანსების მოზიდვა უნდა მომხდარიყო 2018 წლის 1-ლი იანვრიდან. 2017 წელს, როცა ცხადი გახდა, რომ ეს ვერ სრულდებოდა, ახალი ვადა განისაზღვრა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან. ამ დროისთვის უნდა დაწყებულიყო პორტის აქტიური მშენებლობა, თუმცა ჩვენ სრული საპროექტო დოკუმენტაცია დღესაც არ გვაქვს”, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, მთავრობა მზადაა, შეასრულოს ყველა ვალდებულება და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს თანხების მოძიებაში დაეხმაროს, თუმცა მსჯელობა გრძელდება სახელმწიფომ გასცეს უნდა თუ არა სრული საფინანსო გარანტია სესხის აღების პროცესში.

მსგავსი სტატიები