ანაკლიის გზის და რკინიგზის პროექტირებაზე გამარჯვებული გამოვლინდა

Construction News

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტს, კონკურსში გამარჯვებული, საუკეთესო წინადადების მქონე ავსტრალიური მულტინაციონალური კომპანია „სმექი“ მოამზადებს.

უწყების ცნობით, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, ინტერესთა გამოხატვის პირველ ეტაპზე, დაინტერესება სულ ოთხმა კომპანიამ გამოხატა, ხოლო ფინანსური წინადადებების გახსნის ეტაპზე 3 კომპანია გადავიდა. მათ შორის საუკეთესო წინადადება, როგორც ტექნიკური ასევე, ფინანსური კუთხით ავსტრალიურმა კომპანია „სმექმა“ წარმოადგინა.

„სმექმა“ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაცია 7 თვეში უნდა მოამზადოს.

ანაკლიის გზისა და რკინიგზის პროექტის კონკურსი ორი ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე შეფასდა ტექნიკური წინადადებები (შეფასების წონა 80%-ით განისაზღვრა), ხოლო მეორე ეტაპზე – ფინანსური წინადადებები (შეფასების წონა – 20%-ს შეადგენდა).

პროექტირების სახელშეკრულებო ღირებულება 7 მილიონ ლარს შეადგენს.

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობა ნავსადგურის ოპერირების დაწყებამდე დასრულდება.

ცნობისთვის, კომპანია „სმექი“ 1949 წელს დაფუძნდა და ავსტრალიური კომპანიის – SJ ჯგუფის წევრია, რომელშიც  14,500-მდე პროფესიონალია დასაქმებული. კომპანია 40-ზე მეტ ქვეყანაში 130-მდე ოფისითაა წარმოდგენილი. „სმექი“ ცნობილი საკონსულტაციო კომპანიაა, განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებით აზიაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, აფრიკაში და ავსტრალიაში. მას 1949 წლიდან 1974 წლამდე პერიოდში განხორციელებული აქვს ავსტრალიაში მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კომპლექსური ჰიდროელექტრო სამუშაოთა სქემა. კომპანიას დაპროექტებული აქვს ჯამში 145 კმ. გვირაბი, 2,000 კმ. გზა და 80 კმ. აკვედუკი. „სმექის“ საქმიანობის სფეროს ხიდების გზების, აეროპორტების, რკინიგზის, გვირაბების, ჰესებისა და მეტროს პროექტირება წარმოადგენს. კომპანიის წლიური ბრუნვა საშუალოდ 350-360 მილიონი დოლარია.

მსგავსი სტატიები