ამერიკული კომპანია გზების სამშენებლო მასალად პლასტმასს იყენებს

Modern Roofing

პლასტმასის ნარჩენებისგან გზების მშენებლობას კომპანია Dow Chemical ახორციელებს. 2017 წლიდან მან დაიწყო თანამშრომლობა ინდონეზიის ხელისუფლებასთან. იმისთვის რომ გზატკეცილები მყარი და გამძლე იყოს, გადამუშავებულ მასალას სხვა ნივთიერებებსაც ამატებენ, თუმცა მათი შემადგენლობა კომპანიას გასაიდუმლოებული აქვს.

კომპანიამ პირველი ექსპერიმენტი ინდონეზიის ქალაქ დეპოკში ჩაატარა, გადამუშავებული მასალით გზის 1,8-კილომეტრიანი მონაკვეთი დააგეს. 2 თვის შემდეგ მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ გზის საფარს საკმარისი გამძლეობა აქვს.

მოგვიანებით, კომპანიამ გზის მშენებლობა ინდოეთის ორ ქალაქშიც განახორციელა, რისთვისაც ჯამში 100 ტონა გადამუშავებული პლასტმასი გამოიყენა.

Dow Chemical-ის წარმომადგენლების თქმით, გზის ექსპლუატაციის ვადა თითქმის 50 წელია და ის -40°C-დან +80°C-მდე ტემპერატურას უძლებს. “პლასტმასის გზა” უკვე გამოყენებულია აშშ-ში და უახლოეს მომავალში კომპანია პროექტის განხორციელებას ტაილანდშიც აპირებს.

Dow Chemical თანამშრომლობს არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებთან და სამხრეთ აფრიკის ქვეყნებს სამუშაო ადგილების შექმნაშიც ეხმარება. კომპანიის მიზანია ოკეანეების დაბინძურების დონე 2025 წლისთვის 20%-ით შემცირდეს.

ცნობისთვის – ყოველწლიურად ოკეანეში 9 მილიონი ტონა პლასტმასი ხვდება. ნარჩენებიდან მხოლოდ 9,5% გადამუშავდება.

მსგავსი სტატიები