მზის პანელების ნარჩენები გარემოსთვის სერიოზულ პრობლემად შესაძლოა იქცნენ

Modern Roofing

აშშ-ში სან-ხოსეს უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, დასტინ მალვანმა მზის პანელების გადამუშავების გზების კვლევა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მზის პანელები ენერგიის მოპოვების ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გზად მიიჩნევა, დაძველების ან მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, ისინიც შეიძლება იქცნენ გარემოსთვის საზიანო ნარჩენად.

გარემოს დამცველმა მკვლევარმა პირველ ყოვლისა შეისწავლა ის მასალა, რომლისგანაც პანელებს ამზადებენ. მისი დასკვნით, მოწყობილობის 90% მინაა, დანარჩენი 10% კი სილიკონს, ვერცხლს, ალუმინს, ტყვიასა და სპილენძს შეიცავს.

მალვანის კვლევებით, თითოეულ პანელს გარანტია საშუალოდ 20-25 წელი აქვს, თუმცა ბუნებრივმა კატასტროფებმა შესაძლოა ეს დრო შეამციროს.

მკვლევარის აზრით, პანელში არსებული მინის ფოტოვოლტატიკური მოდულების გამოყენება დეკორაციისთვის ან შენობის ფასადისთვის შეიძლება. რაც შეეხება მის შემადგენლობაში არსებულ მეტალებს, მათი გადამუშავების შედეგად, ნახევარი მაინც ვარგისი იქნება ახალი პანელის დასამზადებლად.

მეორადი პანელები ახალივით ეფექტური ვერ იქნება, თუმცა ბაზარზე მათი ფასი უფრო ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს.

პროფესორის კვლევით დასტურდება, რომ თუკი პანელების გადამუშავება უახლოეს 15 წელიწადში არ დაიწყება, ისინი ნარჩენების სახით გარემოსთვის სერიოზულ პრობლემას შექმნიან.

მსგავსი სტატიები