აზიის განვითარების ბანკი ბათუმის ბულვარის გაგრძელების პროექტს დააფინანსებს

Construction News

აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციამ აჭარაში ჭოროხის ხიდის მშენებლობისა და ბათუმის ბულვარის გაგრძელების უმნიშვნელოვანესი პროექტის დაფინანსებაზე მზაობა გამოთქვა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან, ტონი მაკდონალდთან ერთად ჭოროხის ხიდის მშენებლობისთვის განსაზღვრული ტერიტორია და ახალ ბულვარში მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნული უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი სწორედ აზიის განვითარების ბანკის 57 მლნ ლარის ღირებულების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიზანია აეროპორტისა და სოფელ ადლიას მონაკვეთზე ბათუმის სანაპირო ზოლის ეროზიისგან დაცვა და მისი აღდგენა/გაფართოება; ბათუმის ნაპირდაცვის პროექტის ფარგლებში დაახლოებით 2 კმ ნაპირსამაგრი ნაგებობა აშენდება და სანაპიროს აღდგენა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით განხორციელდება; ტერიტორიაზე 12 ერთეული საფეხმავლო ხიდი მოეწყობა, რომლის სიგრძე 20 მეტრი, ხოლო სიგანე 1,5 მეტრი იქნება.

„ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ ურბანული ტრანსპორტის განვითარების, ნაპირგამაგრების და სხვა უმნიშვნელოვანესი პროექტების მიმართულებით ბოლო 9 წლის განმავლობაში. რაც შეეხება აჭარის ნაპირგამაგრებას, ეს არის 300 მლნ დოლარის მულტი დაფინანსების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტი, საიდანაც 57 მლნ ლარი სწორედ აჭარის შესანიშნავი ქალაქის სანაპიროს დაცვას და მის აღდგენას მოხმარდება,“ – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის საქართველოს ორგანიზაციის დირექტორმა, იესიმ ელჰან ქეიელერმა.

ამ ეტაპზე, აზიის განვითარების ბანკი საქართველოში სხვადასხვა პროექტს 1,9 მილიარდი დოლარით აფინანსებს.

მსგავსი სტატიები