ავარიული სახლების ჩანაცვლებისას, კომპანიები უფრო მაღალ შენობა-ნაგებობებს ააშენებენ

Construction News

სამშენებლო კომპანიებს, დაინტერესების შემთხვევაში, მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ავარიული კორპუსებისა და დაუმთავრებელი სამშენებლო ობიექტების ნაცვლად, უფრო მაღალი შენობა-ნაგებობები ააშენონ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას დედაქალაქის მერმა განაცხადა. კახა კალაძე სოციალური ქსელის მომხმარებლის, გიორგი თევდორაძის შეკითხვას გამოეხმაურა, რომელიც ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონის N11 კორპუსის ავარიულობას ეხებოდა.

მისი თქმით, დედაქალაქში სხვადასხვა ხარისხის ავარიული შენობა-ნაგებობებია, ამიტომ, K2 კოეფიციენტის ყიდვის გაუქმების პარალელურად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომელიც ავარიული სახლებისა და დაუსრულებელი მშენებლობების ჩანაცვლების შემთხვევაში, ითვალისწინებს შენობების სიმაღლის მატებას.

თქვენ იცით, რომ კ2 კოეფიციენტის ყიდვა გავაუქმეთ. მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ავარიული სახლების, მათ შორის, ავარიული „ხრუშჩოვკების“, ასევე, დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობების შემთხვევაში, ჩვენ მივცემთ მშენებლებს შესაძლებლობას, რომ დაშალონ ეს შენობა-ნაგებობები, წავიდნენ სიმაღლეში და მაქსიმალურად ჩანაცვლდეს ასეთი სახლები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, 170-ზე მეტი დაუსრულებელი სამშენებლო ობიექტია დედაქალაქში.

„თუ იქნება დაინტერესებული სამშენებლო კომპანიები, მათ მივცემთ შესაძლებლობას, ეს ადამიანებიც დააკმაყოფილონ და მათთვის ბიზნესის თვალსაზრისით საინტერესო იყოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი სტატიები